ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის გეოპორტალი
სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს მონაცემების გაზიარება. სისტემის მომხმარებლებისთვის ვებ-გვერდი, გეოპორტალის სახით, წარმოადგენს მონაცემებზე წვდომისა და ინფორმაციის მიღების მთავარ წერტილს. მისი საშუალებით არის შესაძლებელი სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული, განსხვავებული თემატიკის, სისტემატიზებული, სინქრონიზებული, ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი სივრცითი მონაცემებით, მეტამონაცემებით და ელექტრონული სერვისებით სარგებლობა. ინფორმაცია მარტივად მოძიებადი და ერთდროულად ხელმისაწვდომია მრავალი მომხმარებლისა და პროგრამული უზრუნველყოფისათვის, დაშვების მრავალდონიანი სისტემის, ინფორმაციის საჯაროობის და კონფიდენციალურობის გათვალისწინებით. პორტალის ფუნქციურ ნაწილში, კანონმდებლობის შესაბამისად, გათვალისწინებული იქნება მთელი რიგი ბიზნეს გადაწყვეტილებების არსებობაც, როგორებიცაა უფლებამოსილების, შეთანხმებისა და ლიცენზიების განკარგვის მხარდაჭერა. გეოპორტალი განვითარდება იმგვარად, რომ მასში ინტეგრირებული იქნება დამატებითი ფუნქციები, რომლებიც განისაზღვრება მომხმარებლის სურვილით, საჭიროებით ან მოთხოვნით.