NSDI

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტი

მიმოხილვა 

გარემომცველი სამყაროს აღქმა გარკვეულწილად დაკავშირებულია ადამიანის დროში და სივრცეში ორიენტირების უნართან. მეოცე საუკუნემდე სივრცითი მონაცემები ასოცირდებოდა სხვადასხვა ტიპის რუკებთან, რაც რეალობის გამოწვევებს ვეღარ პასუხობდა. სივრცითი აზროვნების და ინფორმაციული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ, ასევე, სხვადასხვა დარგში მოცულობითი ინფორმაციის დაგროვებამ, დღის წესრიგში დააყენა მონაცემების მოწესრიგებულად, სისტემატიზებულად შენახვის, მართვის და გაცვლის საკითხები, რადგან ხშირად მაღალი ხარისხის სივრცითი ინფორმაცია მიუწვდომელი იყო, ფუნქციური შეუთავსებლობის, მონაცემთა შექმნის, გამოქვეყნების, გაზიარების, სტანდარტების არარსებობის გამო. მსგავსი ან იგივე მონაცემები ხშირად გროვდებოდა და ინახებოდა რამდენიმე სხვადასხვა ადგილზე სახელმწიფო ინსტიტუტებში, რაც იწვევდა არასაჭირო დამატებით ხარჯებს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მსგავსად, გადაწყვიტა, შექმნას და განავითაროს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა (NSDI) წარმოადგენს პოლიტიკის, ინსტიტუციონალური ქმედებების, ტექნოლოგიების, წესების, სტანდარტების, მონაცემების და ადამიანური რესურსების კოორდინირებულ სისტემას, რომელიც იძლევა სივრცითი მონაცემების მოძიების, შეფასების, გამოყენების და გაზიარების ეფექტურ საშუალებას ეროვნულ დონეზე სახელმწიფო ინსტიტუტებისათვის, მუნიციპალური თვითმმართველობებისათვის, აკადემიური წრეებისათვის, ბიზნეს სექტორისათვის და ზოგადად მოქალაქეებისათვის.

სხვაგვარად, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა არის სისტემა, რომლის ცენტრს წარმოადგენს გეოგრაფიული მონაცემები და მასთან ასოცირებული ელექტრონული სერვისები, რომლებიც დოკუმენტირებულია მეტამონაცემების საშუალებით. გეოგრაფიული მონაცემების, ელექტრონული სერვისების და მეტამონაცემების წარმოება რეგულირდება შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, სტანდარტებით, წესებითა და მეთოდოლოგიებით ურთიერთთავსებადობის და ჰარმონიზების პრინციპების შესაბამისად, მონაცემების წარმოებისა და გაზიარებისათვის საჭიროა ტექნიკური ინფრასტრუქტურა და ადამიანური რესურსი, სხვადასხვა დარგის ექსპერტები. ყველა ზემოაღნიშნული კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტის წარმატებით განხორციელებას.

მიზანი

პროექტის რეალიზების შედეგად ჩამოყალიბდება საქართველოს სახელმწიფო ერთიანი გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა - ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა (NSDI), რომელიც იფუნქციონირებს სამთავრობო, დარგობრივ და მუნიციპალურ დონეებზე. ხელს შეუწყობს ქვეყანაში რესურსების გამოყენების ოპტიმალურ დაგეგმვას და პროცესების ეფექტურ მართვას, ასევე სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მუნიციპალურ მმართველობებში სტანდარტიზებულ, სისტემატიზებულ, ვალიდურ, უტყუარ და აქტუალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების ხარისხის ამაღლებას, ელექტრონული მმართველობის განვითარებას და იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს მონაცემების გაზიარება, რაც უზრუნველყოფს, დანახარჯის შემცირებას სივრცითი მონაცემების შექმნისას დუბლირებული სამუშაოს გამორიცხვის ხარჯზე, მაღლდება მონაცემების ხარისხი, სხვადასხვა სფეროს ეფექტურად დაგეგმარებისას ხელმისაწვდომია ზუსტი და აქტუალური ინფორმაცია. ისეთი დარგებისთვის როგორებიცაა: თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ჯანდაცვა, უძრავი ქონების ბაზარი, მიწის მართვა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა და სხვა აუცილებელია ჰარმონიზებული გეოგრაფიული მონაცემების არსებობა, მაგალითად სატრანსპორტო, სამისამართო ქსელის სივრცითი მონაცემების არსებობა გადამწყვეტია ხანძრის, ავტოსაგზაო შემთხვევების, სტიქიური კატასტროფების, უბედური შემთხვევების, კრიზისული სიტუაციების, სამაშველო ოპერაციების ოპტიმალურად სამართავად, გარემოზე ზემოქმედების რისკების შესაფასებლად, ტურისტული მარშრუტების, ახალი სამედიცინო, სასწავლო და სხვა ნებისმიერი პროფილის დაწესებულებების დაგეგმარებისას. ზემოაღნიშნული სისტემის ჩამოყალიბება დიდ სარგებელს მოუტანს მთელს საზოგადოებას.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქალაქ თბილისის მერია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი