მეტამონაცემები Inspire-ს განმარტებით წარმოადგენს მონაცემებს მონაცემების შესახებ (data about data) ანუ სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების აღმწერ ინფორმაციას. შეიცავს ინფორმაციას სივრცითი მონაცემების და ელექტრონული სერვისების შინაარსის, კატეგორიის, კუთვნილების, ფორმატის, მონაცემთა შექმნისა და დამუშავების მეთოდების, სივრცითი არეალის, ხარისხის, მათი გამოყენების პირობების, შეზღუდვების და სხვა განსაკუთრებული მახასიათებლების შესახებ, რაც აუცილებელია მომხმარებლისთვის და წარმოადგენს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შემადგენელ აუცილებელ კომპონენტს.
მეტამონაცემების საშუალებით ცალსახად შესაძლებელია: ძიების პროცედურის განხორციელება თავად მონაცემებთან შეხების გარეშე, დოკუმენტირებული სივრცითი მონაცემების ან ელექტრონული სერვისების იდენტიფიცირება აუცილებელი და საკმარისი დეტალიზაციის ხარისხით, ინფორმაციის გაცვლისას სხვადასხვა სტრუქტურის მქონე მონაცემების ურთიერთთავსებადობის შეფასება, რაც ხსნის ახალ შესაძლებლობებს მონაცემების და პროგრამული უზრუნველყოფების ერთობლივი დამუშავებისა და ინტეგრაციისათვის. მონაცემებზე შეზღუდვების ან საფასურის არსებობის შემთხვევაში მეტამონაცემებში არის ჩანაწერი ამის შესახებ. მეტამონაცემები ასევე გამოიყენება კატალოგიზაციის, რეგისტრაციის, სტატისტიკური დამუშავებისა და ანალიზის პროცესების განხორციელებისას.
მეტამონაცემების ფორმირების წესები რეგლამენტირებულია საერთაშორისო სტანდარტებით ISO, OGC, Inspire და სხვა.