ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისათვის დირექტივა INSPIRE წარმოადგენს ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის განვითარების საფუძველს, წარმოადგენს ელექტრონული მმართველობის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ევროპაში და ცვლის მონაცემთა გაზიარებისადმი მიდგომებს. INSPIRE დირექტივა განსაზღვრავს ევროპის ერთიანი სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითად, ზოგად წესებს, რომლებიც ემყარება ხუთ ძირითად პრინციპს:
- ჰარმონიზებული, სტანდარტიზებული, სისტემატიზებული, სანდო და ხელმისაწვდომი სივრცითი მონაცემები შეგროვდება მხოლოდ ერთხელ და სათანადოდ შეინახება,
- ერთი სუბიექტის მიერ წარმოებული მონაცემების გაზიარდება ყველა დონეზე,
- შესაძლებელია სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული სივრცითი მონაცემების კომბინირება და გაზიარება მრავალი მომხმარებლისა და პროგრამული უზრუნველყოფისათვის (ფუნქციური თავსებადობის კონცეფცია),
- გეოგრაფიული ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ყველა დონეზე მართვისათვის, არის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე,
- გეოგრაფიული ინფორმაცია ადვილად მოსაძიებელია (მონაცემების ნაკრებები უნდა იყოს დოკუმენტირებული მეტამონაცემებით). შეზღუდვების არსებობის შემთხვევაში არის ჩანაწერი ამის შესახებ ანუ მარტივია მოხმარების პირობების დადგენა.
INSPIRE დირექტივა განსაზღვრავს სივრცითი მონაცემების ნაკრებების 34 თემატურ ჯგუფს, რომლებიც გადანაწილებულია სამ დანართში, დაწყებული საკადასტრო ნაკვეთებით და დამთავრებული სახეობების გავრცელების არეალებით. დირექტივა სამართლებრივად ავალდებულებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომლებსაც გააჩნიათ დანართებში მითითებული მონაცემების შესაბამისი სივრცითი მონაცემები, გახადონ ინფორმაცია ხელმისაწვდომი INSPIRE სპეციფიკაციების შესაბამისად. INSPIRE იძლევა შესაძლებლობას დაწესდეს შეზღუდული წვდომა ან მომსახურების შესაბამისი საფასური მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისთვის და მეტამონაცემებში უნდა იყოს ჩანაწერები განსაკუთრებული პირობების შესახებ.
2007 წლის 14 მარტის ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2007/2/EC დირექტივა"ევროპის თანამეგობრობაში სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის (INSPIRE) შექმნის შესახებ" |